"შეგრჩა"
არსებობს ასეთი თამაში – “შერჩენობანა” (“მგელობანას” სახეცვლილება), ერთი ადამიანი მსუბუქად კრავს ხელს მეორეს და ეუბნება, “შეგრჩა”. სანამ მეორე უკან არ “შეარჩენს” პირველს, მეორე “შერჩენილ” მდგომარეობაშია.
ჰოდა, შეგრჩა, შეგრჩაო, მიყვიროდა იატაკზე გაფორთხვის წინ 9 წლის ძმა. ვერ ავიტანე პატარა ძმის ასეთი გაუნათლებლობა და გადავწყვიტე მისთვის დამემტკიცებინა, რომ პირველი ვერაფრის დიდებით “შეარჩენდა” მეორეს ნიუტონის მესამე კანონის გათვალისწინებით. ამისთვის გავიხსენე სავარაუდოდ ვინმე ქუთაისელი, დაუფასებელი პროფესორის მიერ დიდი ხნის წინათ ფორმულირებული ნიუტონის კანონები, რომელთა თანახმადაც:
I. თუ არ უჯიკე არ გაფრინდება.
ანუ ათვლის ინერციულ სისტემაში (აი, მიწაზე რომ ზიხარ, იმ მიწაზე) სხეული უძრავია (გდია) ან მოძრაობს წრფივად (ერთ ხაზზე) და თანაბრად (სიჩქარის შეუცვლელად), თუ მასზე მოქმედ ძალათა ტოლქმედი (ჯამი) არის ნული.
II. რავარც უჯიკებ, ისე გაფრინდება.
ანუ ათვლის ინერციულ სისტემაში სხეულის აჩქარება (რავარც დაფინავს) პროპორციულია სხეულზე მოქმედ ძალათა ტოლქმედის (ჯამი, ვა…), სადაც პროპორციულობის კოეფიციენტია ინერციული მასა (ჩათვალე, სასწორი რასაც გეუბნება, ეგაა).
\(\frac{\sum_{i}^{} \vec{F_i} }{m}= \vec{a}\)
III. თუ უჯიკებ, უკან გიჯიკებს.
ანუ თუალი – ნაცულად თუალისა… როდესაც ერთი სხეული ძალით მოქმედებს მეორეზე (პირველი აწვება მეორეს), მეორე სხეული იმავე სიდიდის და საპირისპიროდ მიმართული ძალით მოქმედებს პირველზე (მეორე აწვება პირველს).
\(\vec{F}_{1\rightarrow 2} = -\vec{F}_{2\rightarrow 1}\)

აი, სწორედ ამ მესამე კანონის გათვალისწინებითაა, რომ მიჯიკა და უკან ვუჯიკე, შემარჩინა და შევარჩინე, რომ ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს, თუმცა მე დამარცხებული არ ვიქნები!