ნობელის პრემია ფიზიკაში, 2020

როგორც პატივცემულ მკითხველს მოეხსენება, ოქტომბრის თვე განსაკუთრებული უამინდობის გარდა იმითაც გამოირჩევა, რომ ყოველწლიურად სწორედ ამ დროს ხდება ნობელის პრემიის ლაურეატების გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ფრიად საინტერესო ნომინანტები არიან სხვადასხვა დარგში, ცხადია, ჩვენ ჩვენს ყურადღებას ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფიზიკის დარგზე გავამახვილებთ.

სერ როჯერ პენროუზი, რეინჰარდ გენზელი და ანდრეა გეზი – ეს სამი მეცნიერი გახდა 2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში. Პრიზი სამ ნაწილად გაიყო: ნახევარი როჯერ პენროუზს ერგო, მეორე ნახევარი კი – გენზელსა და გეზს შორის განაწილდა.

პროფესორი როჯერ პენროუზი ბრიტანელი მეცნიერია, რომლის ძირითად მიმართულებას მათემატიკური ფიზიკა წარმოადგენს. მან გამოიყენა ინოვაციური მათემატიკური ტექნიკა იმის დასამატკიცებლად, რომ შავ ხვრელთა ფორმირება წარმოადგენს აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის აუცილებელ შედეგს.

პენროუზის მიერ 1965 წელს გამოქვეყნებული შრომა ალბათ თავად აინშტაინსაც გააკვირვებდა, რომელიც 1939 წელს ამტკიცებდა, რომ შავი ხვრელები ფიზიკურ რეალობაში არ უნდა არსებობდნენ.

თავისი მეცნიერული შემოქმედების მომდევნო პერიოდში პენროუზმა ძალები სტივენ ჰოკინგთან გააერთიანა და წარმოადგინა ახალი იდეები, თუ როდის უნდა ფორმირდებოდეს გრავიტაციული სინგულარობები.

პროფესორი გენზელი გერმანელი ასტროფიზიკოსი და მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტის დირექტორია. Რაც შეეხება პროფეზორ გეზს, ის ამერიკელი მეცნიერია, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში, ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტში მუშაობს.

მათ ერთად გადაწყვიტეს, რომ ტელესკოპების საშუალებით ჩვენი გალაქტიკა შეესწავლათ. ვარსკვლავთა მოძრაობაზე დაკვირვებით მათ შეძლეს, აღმოეჩინათ მტკიცებულება, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში იმყოფება შავი ხვრელი, რომელიც ცნობილია სახელით მშვილდოსანი A*. მას დაახლოებით 4 მილიონი მზის მასა უნდა ჰქონდეს და 24.4 მილიონი კილომეტრი რადიუსი.

გეზი, რომელიც სულ რაღაც მეოთხე ქალი ლაურეატია ფიზიკის დარგში, იმედვონებს, რომ ეს შთაგონებას მისცემს სხვა ახალგაზრდა ქალებს. Ასევე აცხადებს, რომ ამ სფეროს არაერთი სიამოვნება ახლავს თან (რაშიც დავეთანხმები მეც, ამ სტატიის მოკრძალებული ავტორი და ნორჩი ფიზიკოსი).

89 წლის პენროუზი კი ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია ამ პრიზის მიღება, თუმცა მორცხვად გამოთქვამს მწუხარებას, რომ ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღით ხელს შეულშის მის მიმდინარე სამუშაოს.

დაჯილდოების ცერემონია, ჩვეულებისამებრ, 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.


წყარო: The Guardian.
ნახატი: ნიკლას ელმეჰედი, ნობელის კომიტეტი.

ანა ნიკოლეიშვილი

Back to top