სამყაროს ასაკი უძველეს სინათლის წყაროზე დაყრდნობით

სამყაროს ასაკზე მსჯელობა კოსმოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. სამეცნიერო ჯგუფები გამუდმებით იკვლევენ ამ საკითხს. სწავლობენ სხვადასხვა წყაროებს, ატარებენ ექსპერიმენტებს, მუდმივად იღებენ ახალ რიცხვებს და უფრო და უფრო რთული ხდება იმის დადგენა, თუ რომელი შედეგიაა სწორი. დიდი ხნის განმავლობაში მიღებული იყო, რომ სამყარო დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის არის, თუმცა გასულ წელს ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა გალაქტიკების მოძრაობის შესწავლის შედეგად აჩვენა, რომ ის შეიძლება მილიონობით წლით უფრო ახალგაზრდა იყოს. ამ კვლევებმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან ისინი მიანიშნებდა, რომ არსებული სტანდარტული მოდელი, გარკვეულწილად, მცდარია და შესაძლოა სრულიად ახალი მოდელი იყო საჭირო სამყაროს აღსაწერად. 

ბოლო კვლევის მიხედვით, რომელშიც შეისწავლეს აკატამას კოსმოლოგიური ტელესკოპის (ACT) დაკვირვებები, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა და ეს რიხვი ემთხვევა პლანკის სატელიტის მონაცემებს. ამ სტატიის თანაავტორმა, პროფესორმა სეგალმა, განაცხადა, რომ ისინი (სტონი ბრუკის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფი) ცდილობენ აღადგინონ სამყაროს ‘ბავშვობის ფოტო’ ანუ ძალიან ადრეული სამყაროს სურათი. რაც უფრო მკვეთრი და დეტალური იქნება სამყაროს “ბავშვობის სურათი”,  მით უფრო კარგად შეძლებენ მიხვდნენ, თუ როგორ გაჩნდა ის. სამყაროს დასაბამის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის, ფაქტობრივად, იქნება სამყაროს განვითარების შესწავლის ბაზისი. საწყისიდან შესაძლებელი იქნება სამყაროს მიერ განვლილი გზის აღდგენა, თუ როგორ მოვიდა ის დღემდე. ასეთი მოდელის საფძველზე კი შესაძლებელია მომავალი განვითარების და დასასრულის წინასწარმეტყველება. ასე რომ, როდესაც გურამიშვილმა თქვა: “ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდან მოსულა, სად არის, წავა სადაო”, ყმაწვილში შეიძლება სწორედ სამყაროს გულისხმობდა. 

ACT ჯგუფი სამყაროს ასაკს მიღებული უძველესი სინათლის მიხედვით ადგენს, სხვა ჯგუფები კი გალაქტიკების მოძრაობის მიხედვით. ის ფაქტი, რომ ამგვარად მიღებული სამყაროს ასაკი პლანკის სატელიტის მიერ გამოთვლილ ასაკს ემთხვევა, ძალიან მნიშვნელოვანია. 13.8 მილიარდი წელი არის რიცხვი რომელიც ორმა სხვადასხვა დამოუკიდებელმა კვლევამ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მათი გამოთვლები სიმართლესთან ახლოსაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თეორიულად, სტანდარტული მოდელის მიხედვითაც, სამყარო დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის უნდა იყოს. 

ACT ჯგუფი განაგრძობს დაკვირვებებს და მეტ მონაცემთან ერთად ისინი შეძლებენ უფრო დეტალური სურათის აღდგენას და შესაბამისად, სამყაროს ასაკის უფრო ზუსტად დადგენას. 


წყარო: https://www.sciencedaily.com/releases/2020/07/200715170541.htm
სურათის წყარო: https://www.youtube.com/watch?v=rEXDgpttmyc

თიკო ბარათაშვილი

Back to top