– ეს რა იყო?
– რამდენი იყო, დაინახე? თან ერთმანეთის მიყოლებით…
– ვარსკვლავებმა ხომ არ დაიწყეს ფრენა?
– კაი რა, ბიჭო, თვითმფრინავებია. იქნებ, კორონას პონტში რაღაც ხდება…
აივანზე რომ გავედი, ყველა გადმოყუდებულიყო და ვარკვლავების უცნაურ მატარებელს მისჩერებოდა.
– ილონ მასკის სატელიტებია, – დაიძახა ერთ-ერთმა გადმოყუდებულმა. ეტყობა, ასტრონომია ან უბრალოდ ახალი ამბები უყვარდა.
ილონ მასკის ახალი პროექტის StarLink-ის ფარგლებში ორბიტაზე უკვე 360 სატელიტი მოძრაობს. სწორედ ამ თანამგზავრების კოლონამ ჩაგვიქროლა 26 აპრილის საღამოს ძალიან მოწმენდილ ცაზე. პროექტი მასშტაბურია, იგი მთელს დედამიწაზე ძალიან სწრაფ ინტერნეტს გვპირდება. იმდენად სწრაფს, რომ იგი ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი, რომელსაც დღეს აქტიურად ვიყენებთ. ილონ მასკს ამ ეტაპზე 12,000 სატელიტის გაშვების უფლება აქვს მოპოვებული, თუმცა ის გეგმავს, რომ საბოლოოდ 42,000-მა თანამგზავრმა იმოძრაოს ჩვენ ირგვლივ. თუ დაგაინტერესებთ, ახლა სულ რამდენი სატელიტი გვყავს ორბიტაზე გაშვებული, გეტყვით, რომ დღეს ეს რიცხვი 2,000-ს შეადგენს და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ 21-ჯერ მეტი სატელიტი საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია.
სწრაფი ინტერნეტი მთელი დედამიწის მასშტაბით ძალიან ამაღელვებელი და ერთი შეხედვით სასურველი შედეგია. თუმცა ღირს კი, იმ ზიანის სანაცვლოდ, რასაც ამდენი სატელიტი გამოიწვევს?
რა არის მთავარი პრობლემა? სატელიტები ახლაც არიან ორბიტაზე და საკმაოდ მნიშვნელოვან საქმიანობებსაც ეწევიან. სატელიტების რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა მას შემდეგ, რაც კოსმოსის “დაპყრობა” დავიწყეთ. მაგრამ მთავარი განსხვავება არის ის, რომ ყველა არსებული სატელიტი საკმაოდ შორს არის ჩვენგან. ილონ მასკის სატელიტები კი ძალიან დაბალ ორბიტაზე იმოძრავებენ და ჩვენგან საკმაოდ ახლოს იქნებიან. შესაბამისად, მზისგან დიდი რაოდენობით სინათლეს აირეკლავენ და ვარსკვლავების ნათებას გადაფარავენ.
რამდენად საზიანოა ეს ასტრონომიისთვის?
ასტრონომიის საზოგადოება საკმაოდ შეწუხებულია StaLink-ის თანმდევი შედეგებით. განსაკუთრებით საზიანოა ეს იმ ტელესკოპებისთვის, რომლებიც ცის დიდ ნაწილს აკვირდებიან. ასტრონომებმა ჩაატარეს თანამგზავრების მოძრაობის სიმულაცია და აღმოჩნდა, რომ ასეთი ტელესკოპებისთვის ეფექტურობა 30 – 50 პროცენტით შემცირდა, რაც ძალიან დიდი დანაკარგია და ძვირი ჯდება, როგორც დაკვირვების დროის კუთხით, ასევე სხვა უამრავი დეტალის გამო, რომელიც ტელესკოპების მშენებლობისას იქნება გასათვალისწინებელი. ეს ყველაფერი დაჯდება მილიარდობით ამერიკული დოლარი.
კვლევის გამოქვეყნების შემდეგ SpaceX-ის პასუხი, სამწუხაროდ, არ იყო დამაკმაყოფილებელი. ილონ მასკმა ამის შესახებ განაცხადა, რომ StarLink-ის ტელესკოპები თითქმის უხილავი იქნება და ასტრონომიაზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. თუმცა, უკვე მთელმა თბილისმაც კი იხილა რომ ილონ მასკი არც ისე გულწრფელი იყო ამ პასუხის გაცემისას. SpaceX-მა ზიანის შესამცირებლად ხელოვნური “გამუქება” შეიმუშავა თანამგზავრებისთვის და მათ განაცხადეს, რომ ეს საგრძნობლად შეამცირებდა მზის სინათლის არეკლვას, თუმცა ჯერემი ტრეგლოან-რიდის1University of Antofagasta, Chile დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ცვლილება ნამდვილად არსებობს, თუმცა ის უმნიშვნელოა. შედეგები მის კვლევაშია წარმოდგენილი.
ყველაზე საყურადღებო კი, ალბათ, ის არის, რომ ორბიტაზე სატელიტების გაშვებას უკვე facebook, amazon და სხვა გიგანტი კომპანიებიც გეგმავენ. საბოლოოდ, სავარაუდოა, რომ ორბიტაზე სატელიტების რაოდენობა 42,000-ს საგრძნობლად გადააჭარბებს.
თუმცა, მე, როგორც ასტრონომიის დიდ მოყვარულ ადამიანს, იმედი მაქვს, რომ თანამგზავრების გაშვების დინამიკა იმგვარად გაგრძელდება რომ ასტრონომია არ დაზარალდება და სატელიტების მიერ “დაბინძურებული” ხილვადობა ხელს არ შეგვიშლის იმ საოცარი აღმოჩენების გაკეთებაში, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავლისთვის.
P.S. 27 აპრილს საღამოს 21:07 დან იქნება 4 წუთის განმავლობაში სტარლინკის სატელიტების დანახვა თბილისიდან შესაძლებელი.
ფოტოს ავტორი: Astrit Spanca.