წვიმს, წვიმს, რკინა მოდის…

ESO-ს ტელესკოპის (VLT) გამოყენებით მკვლევრებმა აღმოაჩინეს ისეთი პლანეტა, რომელზეც, მათი დაკვირვებით, რკინის წვიმა მოდის. გავარვარებული გიგანტური ეგზოპლანეტა დღის განმავლობაში 2400 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას აღწევს, რაც საკმარისია მეტალების ასაორთქლებლად. ძლიერ ქარს შეუძლია რკინის „ორთქლი“ პლანეტის ისეთ ნაწილში გადაიტანოს, სადაც ღამეა და შედარებით გრილა. ეს კი იწვევს რკინის წვეთებად კონდენსირებას.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ პლანეტაზე საღამოობით წვიმიანი ამინდია. თუმცა, რკინით მდიდარი“ – ამბობს დევიდ ერენრაიხი, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი შვეიცარიიდან. ის ხელმძღვანელობდა ამ ეგზოპლანეტის შესახებ კვლევას, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჟურნალში „Nature”. პლანეტა WASP-76b ჩვენგან 640 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და ის თევზების თანავარსკვლავედში მდებარეობს..

ეს უცნაური ფენომენი  იმის გამო ხდება, რომ „რკინის წვიმიანი“ პლანეტა ვარსკვლავს მუდმივად ერთი მხრიდან უმზერს, ისევე, როგორც მთვარე – დედამიწას: საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვას იმდენ დროს ანდომებს, რამდენსაც ვარსკვლავის გარშემო მოძრაობას.

ნათელი მხრიდან პლანეტა 1000-ჯერ მეტ გამოსხივებას იღებს, ვიდრე დედამიწა-მზისგან. ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ მოლეკულები ატომებად იშლება და მეტალები, როგორიცაა რკინა, ატმოსფეროში ორთქლდება. ნათელ და ბნელ მხარეებს შორის დრამატული ტემპერატურული განსხვავების შედეგია ძლიერი ქარი პლანეტაზე, რომელსაც რკინის “ორთქლი” ღამის მხარეს, უფრო გრილ  (~1500 გრადუსი ცელსიუსი) ნაწილში გადააქვს.

„დაკვირვების თანახმად, აირადი რკინა უხვადაა ცხელ დღეს“ – ამბობს მარია როზა ზაპატერო ოსორიო, მადრიდის ასტრობიოლოგიის ცენტრის ასტროფიზიკოსი და ESPRESSO-ს გუნდის თავმჯდომარე. „ამ რკინის ნაწილი პლანეტის ბრუნვისა და ქარის გამო გადადის ბნელ, ე.წ. „ღამის“ მხარეს. იქ კი ცივდება და წვიმის სახით ჩამოედინება.“

გუნდმა, რომელიც აერთიანებს პორტუგალიას, იტალიას, შვეიცარიას, ესპანეთს და ESO-ს, ეს შედეგი ESPRESSO-ს პირველივე დაკვირვებიდან მიიღო 2018 წლის სექტემბერში.

თავდაპირველად შეიქმნა იმისთვის, რომ მზის მსგავსი ვარსკვლავების გარშემო დედამიწის მსგავსი პლანეტები მოეძებნათ. თუმცა, პროექტი უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა. „მალევე მივხვდით, რომ VLT ტელესკოპის შესაძლებლობები და ESPRESSO-ს სტაბილურობა საშუალებას გვაძლევდა, ეგზოპლანეტების ატმოსფეროები შეგვესწავლა,“ – ამბობს პედრო ფიგეირა, ESPRESSO-ს ინჟინერი ჩილეში.

„ჩვენ ახლა გვაქვს სრულიად ახალი გზა ექსტრემალური ეგზოპლანეტების კლიმატის შესასწავლად“ – დასკვნის სახით აცხადებს ერენრაიხი.


წყარო:  Science Daily.

ელენე მესხი

Back to top