ეს არის სულ პირველი სტატია, რომელიც „იბეჭდება“ „ველის“ ელექტრონულ ჟურნალში და შესაბამისად, დავიწყებთ მცირე „იყო და არა იყო რა”-თი. ერთ დღესაც ერთ აუდიტორიაში არაერთი „ფიზიკოსი“ ერთად შეთანხმდა იდეაზე, რომ საჭიროა ქართული სამეცნიერო ჟურნალის არსებობა. ზოგს წერა უნდოდა, ზოგიც ბავშვობის ჟურნალისტობის ოცნებას წაეპოტინა, ზოგსაც, ალბათ, მკითხველისთვის ხარისხიანი ინფორმაციის ხარისხიანად მიწოდება სურდა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, თითქმის ერთ წელიწადს გაწელილი „საორგანიზაციო საკითხების“ მოგვარების მცდელობების შემდეგ, თქვენს სენსორებზე „ველი“ თავისი ანათვლებით გაჩნდება. ცოტა ინტერესით და ცოტა ცდომილებით, ცოტა სიახლით და ცოტაც სიძველით, ნელ-ნელა ყველაფრით.
მაშ, რატომ „ველი“? პირველ რიგში, ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ აინტერესებთ არა კონკრეტულად ფიზიკა, მათემატიკა ან რაიმე სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერება, არამედ, ადამიანური ბუნებით ესწრაფვიან ცოდნას, დარწმუნებული ვარ, ელოდნენ ისეთი ინტელექტუალური სივრცის გაჩენას, სადაც თავს მოიყრიდა სტატიები, სიახლეები და იდეები მეცნიერების შესახებ, სადაც შეძლებდნენ სასიამოვნოდ განეხილათ ისინი.
მეორე: ველი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფიზიკის მრავალ თეორიაში, რამდენადაც თითქმის ყველაფერს მივაწერთ რაღაცნაირი ველის არსებობას. დამუხტული ნაწილაკები ქმნის ელექტრო-მაგნიტურ ველს, მასიური – გრავიტაციულს და ასე შემდეგ (ცხადია, მერე დეტალურადაც მოგიყვებით ამ ამბებს). მესამე: ველი – ალგებრული სტრუქტურა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათემატიკაში – იმ ენაში, რომელზეც ავად თუ კარგად საუბრობს ფიზიკოსი.
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, ველი ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტყვაა. პირველად რა ველთანაც ადამიანს აქვს შეხება, ჩვეულებრივი ველია, გაირბენ და ცხენს გააჭენებ, ბუნების მცირე ნაწილი. სწორედაც, ფიზიკოსის მთავარი იდეა ბუნების შესწავლაა. ნებისმიერი ზეაბსტრაქტული თეორია, რომელიც, ერთი შეხედვით, წმინდად წარმოსახვითია, საბოლოოდ, ერთადერთ რამეს უნდა ემსახურებოდეს – აღვწეროთ ბუნება…
ყველა, აბსოლუტურად ყველა ფიზიკოსს და, ცხადია, არა მარტო ფიზიკოსს, გამოუყენებია სიტყვათშეთანხმება “ბუნების კანონი”, რომელიც ძალიან ინტუიციურია ჩვენთვის. კანონი თავის თავში მოისაზრებს წესს, რომელიც არ უნდა დაირღვეს. თუმცა ის, რასაც ფიზიკა გვეუბნება, არ არის უბრალოდ კანონები, ესენი მოდელებია, რომლებიც ბუნებაზე დაკვირვებით შეიქმნა.
ჩვენი, “ველის ძალწირების”, ერთ-ერთი მოვალეობა იქნება მეცნიერისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იარაღის, ინტუიციური გრძნობის დონეზე დაგანახოთ და გაგრძნობინოთ ადამიანის მიერ შექმნილი მოდელების სილამაზე.
შეიძლება აქამდე არც იცოდით, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ თქვენც, თქვენებურად, მეცნიერი ხართ. როდესაც ფიქრობთ, რანაირად გადაიღოთ სურათი, როგორ შეარჩიოთ განათება, შუქმგრძნობელობა და ლინზის ფოკუსი, გონებაში წინასწარ წარმოგიდგენიათ შესაძლო შედეგი, გაქვთ გარკვეული ინტუიცია და რაღაც თქვენებურ მოდელს მიჰყვებით. ან შეიძლება, სულაც, რომანს წერდეთ, თუმცა თქვენი პერსონაჟები და ტროპები აუცილებლად გარკვეულ მოდელში იარსებებენ. ფიზიკა და ზუსტი მეცნიერებები, უბრალოდ, უფრო მარტივად პოულობენ საერთო ენას ბუნებასთან. ისინი ქმნიან ისეთ მოდელს, რომელიც გალილეოსთვისაც და ლორენცისთვისაც ერთი და იგივეა, რადგან მათი ყველა თეორია საერთო დაკვირვების ობიექტიდან – ბუნებიდან მოდის. თეორიებს ფიზიკაზე, როგორც მოდელების შექმნის მეცნიერებაზე, მნიშვნელობიდან გამომდინარე, სულ მალე მოგახსენებთ.
მანამ კი, გველოდეთ.
თქვენს სამსახურში,
ველი.
( ოღონდ, ელექტრული. მაგნიტური მუშაობას არ ასრულებს 🙂 )
14 thoughts on “ველი: დასაწყისი”
Comments are closed.
მომეწონა და მხარს ვუჭერ
Momwons
ელოდეთ შაბიამნის ახალ პარტიას.
ამ ველებს ვავსებ და ველ(ოდებ)ი ახალ ამბებს ველისგან ❤️
ძალიან მომწონს ეს ახალი წამოწყება, ძალიან მაინტერესებს ფიზიკა, ბავშვობიდან მიტაცებდა, ახლა ვერ გადამიწყვეტია ფიზიკაზე ჩავაბარო თუ მაქსზე და შეგიძლიათ მირჩიოთ? მადლობა.
აი, ცოტა ხანი გვადევნე თვალი და მოიფიქრე ^^
ყოჩაღ!! წარმატებებიი!
მაგარი წამოწყებაა♥️♥️ დიდი სიამოვნებით ველი (pun intended) მოვლენების განვითარებას♥️
დაველოდები, წარმატებები!
სიამოვნებით ვიქნები რიგითი მკითხველი, ანუ “მეველე” :)))
ძალიან მომწონს…
საინტერესოა…
წარმატებები