ცნობილია, რომ შავი ხვრელი გრავიტაციული ძალით ძლიერად მოქმედებს მის გარემოზე. შავ ხვრელებს ახასიათებთ სწრაფი ნაკადების სახით იონიზებული მატერიის ამოფრქვევა, რომლებსაც ჯეტებს უწოდებენ (იგივე ნაკადი ან ჭავლი). შავი ხვრელებიდან ამოფრქვეულ ასეთ ძლიერ ჯეტებს შეუძლია ახლოს მდებარე გალაქტიკების აირადი ღრუბლები გააბნიოს, რომლებიც ამ ზემოქმედების გარეშე შეიკუმშებოდნენ და ვარსკვლავებად გარდაიქმნებოდნენ. შესაბამისად, ჯეტებისა და გალაქტიკების ურთიერთქმედებების დაკვირვება სასარგებლოა მათი განვითარების ადრეული ეტაპების შესწავლისთვის.
ALMA-ს ტელესკოპით შეისწავლეს ობიექტ MG J0414+0534-ისგან მომავალი სინათლე. აღმოაჩინეს, რომ ეს სინათლე შესამჩნევად იყო შეცვლილი სხვა გალაქტიკის გრავიტაციით, რომელიც ჩვენსა და ამ ობიექტს შორის მდებარეობს. ასეთ ეფექტს “გრავიტაციულ გამადიდებლობას” უწოდებენ, რადგან მის უკან მდებარე წყაროს ხელოვნურად გადიდებული გამოსახულების მიღებას უზრუნველყოფს.
“ეს გადაგვარება მუშაობს, როგორც ‘ბუნებრივი ტელესკოპი’, რომელიც საშუალებას გვაძლეს, უფრო დეტალურად შევისწავლოთ ასეთი შორეული ობიექტები” – განაცხადა ტაკეო მინეზაკიმ, ტოკიოს უნვიერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.
გრავიტაციული გადიდების ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ობიექტი, ჩვენგან ძალიან შორს, 11 მილიარდი სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს.
ამ დაკვირვების წარმატება ასევე განაპირობა ამ გალაქტიკის ცენტრში არსებულმა სუპერმასიური შავი ხვრელის ძლიერმა ჯეტებმა. “გრავიტაციული გამადიდებლობის” ეფექტის დახმარებით კი მკვლევრებმა შეძლეს ამ ჯეტებისა და აირადი ღრუბლის ურთიერთქმედების საფუძველზე აღეგინათ როგორც ღრუბლის პირველადი სტრუქტურა, ასევე ამ მძლავრი ჯეტის მოდელი.
“კოსმოსური ტელესკოპისა და ALMA-ს მაღალი-გარჩევადობის დაკვირვებების გამოყენებით, ჩვენ მივიღეთ განსაკუთრებით მკვეთრი სურათი, ადამიანის თვალის გარჩევადობაზე 9,000-ჯერ უკეთესი” – განაცხადა კუიჩირო ნაკანიშიმ, პროექტის ასოცირებულმა პროფესორმა იაპონიის ნაციონალურ ობსერვატორიაში.
ამ მაღალი ხარისხის მონაცემების საფუძველზე გუნდმა გამოთვალა, რომ ჯეტებისა და აირადი ღრუბლების ურთიერთქმედების ადგილებზე ღრუბლები საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიან და მოძრაობენ დაახლოებით 600 კმ/სთ-ით. ასევე, ამ დაკვირვებებიდან ნათელი გახდა, რომ მათ საკმაოდ იშვიათ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე, რადგან მოახერხეს გალაქტიკის და მისი შავი ხვრელის წარმოქმნილი ჯეტების დაკვირვება საკმაოდ ადრეულ პერიოდში, მისი წარმოქმნიდან დაახლოებით ათობით ათასი წლის შემდეგ. ამ დაკვირვებით შესაძლებელი გახდა ჯეტების ადრეული განვითარების პროცესების შესწავლა.
მკვლევართა გუნდის ერთ-ერთი წევრის, კაიკი ინოუეს აზრით, ეს აღმოჩენა დიდ გავლენას იქონიებს გალაქტიკების განვითარების ადრეული ეტაპების შესწავლაზე.