ნასას ერთ-ერთმა სატელიტმა (Transiting Exoplanet Survey Satellite TESS ) დედამიწის ზომის პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. პლანეტა TOI 700 d-ს ზედაპირზე შესაძლოა არსებობდეს წყალი თხევად მდგომარეობაში. იგი არის დედამიწის ზომის და მისი ვარსკვლავისგან იღებს დაახლოებით იმდენივე ენერგიას, რამდენსაც დედამიწა – მზისგან. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გარემო ამ პლანეტაზე დედამიწისგან სრულიად განსხვავებულია.
TOI 700 ჩვენგან 100 სინათლის წელიწადით დაშორებული დორადოს თანავარსკვლავედის პატარა, ცივი ვარსკვლავია. მისი მასა მზის მასის დაახლოებით 40%-ს შეადგენს, ხოლო მისი ტემპერატურა მზისაზე თითქმის ორჯერ ნაკლებია – დაახლოებით 3000 გრადუსი კელვინი.
ამ პატარა ვარსკვლავის სისტემაში 3 პლანეტაა. მისგან ყველაზე შორს სწორედ დედამიწის მსგავსი TOI 700 d მდებარეობს. იგი ზომით, მასით და თავისი “მზისგან” მიღებული ენერგიით საკმაოდ ჰგავს დედამიწას და განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რატომ უნდა იყოს მასზე გარემო ასეთი განსხვავებული. სამივე პლანეტა მასპინძელ ვარსკვლავთან იმგვარად არის დაკავშირებული, რომ საკუთარი ღერძის გარშემო 1 სრულ ბრუნსა და ვარსკვლავის ირგვლივ ორბიტაზე 1 სრული წრის გაკეთებას ერთსა და იმავე დროს ანდომებს, ისევე, როგორც ჩვენი თანამგზავრი – მთვარე. ამის გამო მას ყოველთვის მხოლოდ ერთი მხარე აქვს განათებული, მეორე კი – ჩაბნელებული.
სატელიტი TESS ცის სხვადასხვა ნაწილს გამუდმებით აკვირდება. ამ ხანგრძლივი დაკვირვების გამო იგი აღიქვმს ცვლილებებს ვარსკვლავისგან მიღებულ სინათლის ინტენივობაში, რაც მაშინ ხდება, როდესაც პლანეტა ვარსკვლავსა და სატელიტს შორის ჩაივლის. ამ დაკვირვებებით კი შესაძლებელია პლანეტის მზისგან დაშორების, ზომისა და პერიოდის დადგენა.
ამ პლანეტაზე არსებული გარემოს ოცამდე შესაძლო მოდელია შექმნილი. თითოეული მოდელის მიხედვით შექმნეს მოდელირებული სპექტრი. ერთ-ერთმა მკვლევარმა განაცხადა, რომ როდესაც ექნებათ ამ პლანეტის რეალური მონაცემები, ისინი შეძლებენ მოდელირებულ სპექტრთან შედარებას. ნამდვილი სპექტრის მიხედვით კი შეეძლებათ ამ პლანეტაზე არსებული გარემოს უფრო ზუსტი მოდელის შექმნა, რამდენადაც პლანეტის ატმოსფეროში გამოვლილი სინათლის სპექტრის მიხედვით შესაძლებელია მის ატმოსფეროზე ინფორმაციის მიღება. ერთ-ერთი მოდელის მიხედვით, ეს პლანეტა შეიძლება დაფარული იყოს ოკეანით და ძალიან მკვრივი ატმოსფეროთი, სხვა მოდელის მიხედვით კი ის მთლიანად ხმელეთით არის დაფარული, სადაც ქარი იმ ნაწილებიდან ქრის, სადაც ღამეა. დასაწყისში წარმოდგენი ფოტოც სწორედ ერთ-ერთი მოდელის ილუსტრაციაა.
ამ კვლევაში ჩართულია მსოფლიოს წამყვანი უნვიერსიტეტები და კვლევითი ცენტრები. TOI 700-ის უკეთ შესწავლა მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რდგან ეს დიდი წინსვლა იქნება მზის სისტემის მიღმა სამყაროს შეცნობაში.
ფოტო: https://cdn.mos.cms.futurecdn.net/3NLt282WrrNXLnLWgEDMxm.jpg
წყარო: https://www.sciencedaily.com/releases/2020/01/200106200012.htm