კვლევები ადასტურებს, რომ SARS-CoV-2 ბუნებრივად წარმოქმნილი ვირუსია

ახალი მწვავე რესპირატორული ვისური, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან 31 დეკემბერს გავრცელდა და პანდემია გამოიწვია, ჟურნალის “Nature Medicine” უახლესი კვლევის მიხედვით (რომელიც 17 მარტს გამოქვეყნდა), ბუნებრივი ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა და არ არის ლაბორატორიული მანიპულაციების შედეგი.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს SARS-CoV-2 ვირუსისა და მისი მსგავსი, უკვე არსებული ვირუსების გენომი და ადასტურებენ, რომ იგი ყოველგვარი ლაბორატორიული ჩარევის გარეშეა წარმოქმნილი. სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის მიკრბიოლოგიისა და იმუნოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, კრისტიან ანდერსენმა განაცხადა: “კორონავირუსის სხვადასხვა ქვეტიპის არსებული გენომის გაანალიზებით ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ახალი, SARS-CoV-2 ვირუსი ბუნებირივი პროცესების შედეგად წარმოიქმნა”.

კორონავირუსები არის ვირუსების დიდი ჯგუფი, რომლებსაც ბევრი მსუბუქი თუ მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია. კორონავირუსით გამოწვეული პირველი ძალიან მძიმე დაავადება 2003 წელს ჩინეთში გავრცელდა მძიმე რესპირატორული სინდორმის (SARS) სახელით. შემდეგ, 2012 წელს, საუდის არაბეთში დაიწყო შუა აზიის რესპირატორული სინდრომის (MERS) სახელით.

2019 წლის 31 დეკემბერს კი ჩინეთმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შეატყობინა კორონავირუსის სრულიად ახალი ქვეტიპის გავრცელების თაობაზე, რომელიც საკმაოდ მძიმე გართულებებს იწვევს და 19 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 195 ქვეყნიდან 178-შია გავრცელებული, 250,000-მდე ადამიანი დააინფიცირა და 10,000-მდე გარდაიცვალა.

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა მეცნიერებმა განსაკუთრებით მობილიზებულად დაიწყეს. ჩინეთში ახალი ვირუსის გენომი თავიდანვე შეისწავლეს და მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი გახადეს. სწორედ ამის საშუალებით სხვადასხვა კვლევითმა ცენტრება შეძლეს მისი წარმოშობის დადგენა.

ბუნებრივი წარმოშობის მტკიცებულება

SARS-CoV-2 ვირუსის S ცილის ნაწილი, RBD (რეცეპტორთან დამაკავშირებელი არე) ცილა იმგვარად განვითარდა, რომ ეფექტურად უკავშირდება ადამიანის უჯრედის ზედაპირზე არსებულ მოლეკულურ სტრუქტურას – ACE2 რეცეპტორს, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას. “განვითარებული” ცილები იმდენად ეფექტურად აკავშირებენ ადამიანის უჯრედებს ერთმანეთთან, რომ ეს მხოლოდ ბუნებრივი ევოლუციის შედეგი შეიძლება იყოს და არა გენური ინჟინერიის. ამ ჰიპოთეზას ამტკიცებს ასევე ვირუსის ხერხემალი, ანუ მთლიანი მოლეკულური სტრუქტურა.

Fig. 1
S ცილების (Spike proteins) შედარება. დიაგრამა კვლევიდან.

გენური ინჟინერია, ძირითადად, უკვე არსებული ვირუსის ‘ხერხემალს’ იღებს და ამაზე დაყრდნობით აგებს ახალ ვირუსს. SARS-CoV-2-ის მოლეკულური სტრუქტურა კი საგრძნობლად განსხვავდება უკვე არსებული კორონავირუსების სტრუქტურისგან და უფრო მეტად ჰგავს იმ ვირუსების სტრუქტურას, რომლებიც ღამურებსა და პანგოლინებში ვრცელდება.

“ამ ორი თვისების, RBD ნაწილის მუტაციისა და ვირუსის მოლეკულური სტრუქტურის გამო, გამორიცხულია, რომ SARS-CoV-2 ლაბორატორიული მანიპულაციით ჩამოყალიბებულიყო,” – ამბობს ანდერსენი.


წყაროები:

  1. Kristian G. Andersen, Andrew Rambaut, W. Ian Lipkin, Edward C. Holmes, Robert F. Garry. The proximal origin of SARS-CoV-2. Nature Medicine, 2020;
  2. Science Daily.

ფოტო: ვიკიპედია.

თიკო ბარათაშვილი

Back to top