ვარსკვლავთშორისი სტუმრების ხანა

რაც უფრო მეტ კომეტასა და ასტეროიდს აღმოაჩენენ ასტრონომები სხვა ვარსკვლავების გარშემო, მით მეტს გაიგებენ ისინი სამყაროსა და ჩვენს ადგილზე მასში.

ეს შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკად მოგეჩვენოთ: წარმოიდგინეთ შორეული ვარსკვლავის გარშემო შექმნელი პატარა სამყარო, რომელიც ჩვენს შესასწავლად მოვიდა. ზუსტად ეს მოხდა ორჯერ უკანასკნელი თვეების მანძილზე და ამ ათწლეულში ეს კიდევ უფრო ხშირად მოხდება.

პირველი საგალაქტიკათშორისო, ანუ ჩვენი ვარსვლავური სისტემის გარეთ შექმნილი ობიექტი ჩვენს სამეზობლოში 2017 წლის  ბოლოს შემოიჭრა. მეცნიერებმა მას “1I/ოუმუამუა” დაარქვეს და თავიდან ვერც კი წარმოედგინათ, რასთან ჰქონდათ საქმე. მასზე სამუშაოდ საკმარისი დროც არ ჰქონიათ. მხოლოდ ორი კვირით შეძლეს მასზე დაკვირვება, სანამ დედამიწას ჩაუქროლა და სულ მთლად არ გაფერმკრთალდა. დროის ამ მცირე მონაკვეთში მოპოვებული მონაცემთა ნაგლეჯები ქმნიან ჩვენს წარმოდგენას ოუმუამუაზე. ის ცათამბრჯენისხელა მოქანავე პატარა სამყარო იყო, ბევრად მომცრო და წაგრძელებული იმ კომეტებთან შედარებით, რომლებსაც რეგულარულად ვაკვირდებით, გარედან მოწითალო ფერის იყო. მსგავსი შეფერილობის ზედაპირებს ვერც მზის სისტემაში და ვერც მის სიახლოვეს შეხვდებით. ასეთ ღაჟღაჟა შეფერილობას მხოლოდ ვარსკვლავური ნათების გადაუღებელი წვიმის ნახშირბადით გამდიდრებულ მოლეკულებთან ურთიერთობის შედეგად თუ მიიღებთ.

“2I/ბორისოვი”, კიდევ ერთი ვარსკვლავთშორისი მოგზაური, რომელიც გამოვიკვლიეთ, ნამდვილად კომეტაა და ძალიან ჰგავს ჩვენი სისტემის განაპირა, ყინულიან ადგილებში წარმოქმნილ სხეულებს. მზესთან მიახლოებისას კომეტები “იფურჩქნებიან”: ყინულით დამძიმებულნი, ჩვენი მზის სისტემის ჩამოყალიბების დროიდან გრილად შენახულნი, გაზის კუდს იბამენ და მზის ნაზ სიმხურვალეზე მტვრად იქცევიან. ამ აქროლადი ორთქლის კონების სინათლეზე კომეტის ქიმიური კომპოზიციის ანაბეჭდებია ამოტვიფრული. კომეტის შიგნით არსებული ზოგიერთი გაყინული მოლეკულა და იონი, მაგალითად ამიაკი (NH3) და წყალი ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. მათ არსებობას მათივე შთამომავლების, NH2-სა და ჰიდროქსილის ჯგუფის ანარეკლზე დაკვირვებით ვვარაუდობთ. “2I/ბორისოვი” მსგავსი ქიმიური ბუნების მატარებელია, რომლის შესახებაც გასულ თვეში, მისი მზესთან მიახლოებისას შევიტყვეთ. ის ჩვენს კომეტებს ზომებითაც წააგავს – კილომეტრზე ნაკლები დიამეტრისაა და ნელა ქრება.

ეს ვარსკვლავთშორისი ელჩები მკვლევარებს ძლიერ ხიბლავენ, რადგან მათ შიგნით არსებული გაყინული ნიმუშები გვიყვებიან გარემოზე, რომელშიც ისინი წარმოიქმნენ. “2I/ბორისოვზე” დაკვირვებით შეგვიძლია საბოლოოდ შევიტყოთ მისი მშობლიური ვარსკვლავის სამეზობლოს შესახებ. უკვე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მზის სისტემაში არსებული კომეტების წარმოქმნის პროცესი მის გარეთაც მიმდინარეობს. ოუმუამუა დეტალური კვლევის ჩასატარებლად ზემდეტად გვიან აღმოვაჩინეთ, სამაგიეროდ გენადი ვლადიმერის ძე ბორისოვმა თავისი სეხნია კომეტა ბევრად უფრო ადრე, მზის სისტემაში მისი განწირული მგზავრობის დასაწყისში აღმოაჩინა, რითაც კვლევისთვის ძვირფასი თვეები გვაჩუქა.

ორივე ობიექტი შედარებით მკრთალად მოჩანდა, რამაც მათი კვლევა და კლასიფიცირება საკმაოდ გაართულა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულშიც ბევრი ასეთი სტუმარი გვყოლია, თუმცა აქამდე ტექნიკური რესურსი არ გვყოფნიდა მათ გამოსაკვლევად. დედამიწის სიახლოვეს მფრინავი ასტეროიდების საკვლევად შექმნილ ტელესკოპებს ვარსკვლათშორისი ობიექტების აღმოჩენაც შეუძლიათ. დიდი გაფართოების კამერები კაბადონის დიდ ნაკვეთებს აღბეჭდავენ და პროგრამული უზრუნველყოფა გალაქტიკის ახალწვეულებს შესაბამისი ფერის წერტილებით გამოსახავს. ცის საკვლევი ჩვენი აპარატურა განუწყვეტლივ ვითარდება და მალე კიდევ უფრო ღრმად შეგვეძლება მისი გამოკვლევა. მოლოდინები დიდია და ასტრონომები ფიქრობენ, რომ ეს კვლევა წელიწადში ერთ საგალაქტიკათშორისო სტუმარს მაინც გამოავლენს.აღმოჩენების სიმრავლე იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ მოხეტიალე პატარა სამყაროებით გარშემორტყმულ გალაქტიკაში ვცხოვრობთ. თითოელი ვარსკვლავი მიმოისვრის მის წიაღში ჩამოყალიბებულ კომეტებსა და ასტეროიდებს და ეს პროცესი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, იქნება ეს მის სისმტემაში მოძრავი პლანეტების გრავიტაციული ბიძგებისა თუ მომაკვდავი ვარსკვლავების შესუსტებული მიზიდულობის ძალის გავლენა. არც ჩვენი გალაქტიკა შედგება მხოლოდ ვარსკვლავებისგან: ის სხვა ვარსკვლავებისგან ნაჩუქარ ტრილიონობით კომეტასა და ასტეროიდსაც მოიცავს. მათი რიცხვი რიგობრივად 1026-სშეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოგზაურები გალაქტიკების წონის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენენ, ჯერ კიდევ გასააზრებელია თუ რა როლს ასრულებენ პლანეტების ჩამოყალიბების პროცესში. მკვლევრები სწავლობენ, თუ როგორ ხდებიან ეს მოხეტიალე სამყაროები ვარსკვლავთა დაბადების ადგილთა ტყვეები. სუპერნოვას მსგავსად, ვარსკვლავური ამოფრქვევებიც იძლევიან მასალას ახალი ვარსკვლავის დაბადების ადგილის გასამდიდრებლად. პლანეტარული სისტემების ციკლების განმავლობაშიც შეიძლება წარმოიქმნას ახალი პლანეტები და ეს პროცესი გალაქტიკის ხანგრძლივი ისტორიის ნაწილია.

უფრო შორსაც შეგვიძლია წავიდეთ. თავად გალაქტიკებიც დიდი მანძილით დაშორებული მშობელი გალაქტიკების შეერთების შედეგად წარმოიქმნებიან. ეს პროცესი გალაქტიკის ევოლუციის წამმართველი ფაქტორია, თუმცა მასში მონაწილე მეორეხარისხოვან პერსონაჟებს იშვიათად აქცევენ ყურადღებას. არავინ იცის, როგორ ყალიბდება პლანეტარული სისტემები სხვა, ჩვენისგან განსხვავებულ გალაქტიკებში. ამის შესახებ საგალაქტიკათშორისო ობიექტებს შეუძლიათ მოყოლა.

მომავალში ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე შეგვეძლება საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ თანმიმდევრული თეორია პლანეტარული სისტემების ჩამოყალიბების, ზრდისა და ცვალებადობის შესახებ. აქამდე ფიზიკოსები სისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობის თითეულ ასპექტს დამოუკიდებლად შეისწავლიდნენ. ჩვენს მიღმა არსებული სისტემების ნიმუშები კი საშუალებას გვაძლევენ პირველადი წყაროსგან მივიღოთ ინფორმაცია. ბოლოს და ბოლოს, რთულია შეისწავლო ის, რის შესახებაც არავითარი წარმოდგენა არ გაგაჩნია. ოუმუამუას შესახებ არსებულმა მწირმა მონაცემებმა თეორიების მთელი ფლოტილია დაძრა მისი წარმოშობის თაობაზე. რამდენიმე თვის შემდეგ ახალი ჰორიზონტის ხომალდმა გვაჩვენა, რომ კოიპერის სარტყელში არსებულ თავდაპირველ სამყაროს უცნაური, ჩამოყალიბების თეორიით განუსაზღვრელი ფორმა აქვს: ისინი ერთმანეთზე ნაზად გადაწნულ, ბინარული კონტაქტის მდგომარეობაში მყოფ ორ ბლითს წააგავს. თუ ჩვენს საკუთარ მზის სისტემასაც კი ძალუძს ესოდენ გაგვაოცოს, წარმოგიდგენიათ, რისი მოყოლა შეუძლიათ ვარსკვლავთშორის მოხეტიალეთ?

ჩემთვის, სხვა ვარსკვლავის გარშემო შექმნილი ამ პლანეტარული ერთეულის ჩამოსვლა მოასწავებს იმას, რომ ჩვენ რევოლუციის დასაწყისთან ვართ, რომელმაც შეიძლება მთლიანად შეგვიცვალოს ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს ჩვენს პლანეტარულ სისტემაზე. პლუტონის ორბიტამ გვიჩვენა, რომ მზის სისტემის ფორმა განსხვავდება იმისგან, რაც მისი არსებობის დასაწყისში იყო, ეგზოპლანეტარული სისტემების ზომები და ფორმებიც კი იმდენად განსხვავდება ჩვენისაგან, რომ მცირე მსგავსებების გამოვლენაც კი გვიჭირს. ახლა უკვე ისიც ვიცით, რომ ჩვენი საკუთარი კომეტები არ არიან უნიკალურნი კომპოზიციის მიხედვით. მსგავსება, ჩვენი მზის სისტემისა და სხვა გალაქტიკის ობიექტის ქიმიურ შემადგენლობას შორის ერთ რამეზე მიგვითითებს: იმაზე, რომ ჩვენი რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ვართ.


წყარო: Bannister, Michele. “The Age of Interstellar Visitors.” Quanta Magazine, January 29, 2020.

ფოტო #1: Gemini Observatory
ფოტო #2: NASA’s Hubble Space Telescope

ქეთევან არაბული

Back to top