მომავლის გავლენა წარსულზე კვანტური თეორიის მიხედვით

კვანტური ფიზიკა ფიზიკოსებისთვისაც კი ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური  თეორიაა, რომელიც სავსეა უცნაური და არაინტუიციური ცნებებით. პროფესორ მეტიუ ლეიფერის ბოლო კვლვის მიხედვით, მომავალს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს წარსულზე, შესაბამისად, შედეგი წინ უსწრებდეს მის გამომწვევ მიზეზს.

კვლევის ამ ეტაპზე არ არის საუბარი მომავლიდან წარსულში სიგნალებისა და ინფრომაციის გაგზავნაზე. აქ იგულისხმება, რომ შესაძლოა ექსპერიმენტატორის ცდამ ნაწილაკზე წინასწარ იქონიოს გავლენა, მანამ, სანამ ექსპერიმენტი ჩატარდება.

სტატიის მიხედვით, უკუმიზეზშედეგობრიობა (Retrocausality)  სრულებით არ ეწინააღმდეგება კვანტურ თეორიას. ის დაკავშირებულია ე.წ. “დროის სიმეტრიულობასთან”, რაც გულისხმობს, რომ ფიზიკური პროცესები შეიძლება წარიმართოს როგორც დროის სვლის მიმართულებით, ასევე საწინააღმდეგოდაც და ამავდროულად, ფიზიკის კანონებს არ შეეწინააღმდეგოს. მნიშვნელოვანია, რომ თუ “დროის სიმეტრიულობა” მართებულია, მაშინ ასევე მართებული იქნება უკუმიზეზ-შედეგობრიობის  მოვლენა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შესაძლებელია დროში მოგზაურობა?

ცნობილი მეცნიერის, რიჩარდ ფაინმანის ერთ-ერთი იდეის მიხედვით, ანტინაწილაკის ინტერპრეტაცია შეგვიძლია ნაწილაკად, რომელიც დროში უკან მოძრაობს. მაგალითად, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ პოზიტრონები (ანტიელექტრონები) სინამდვილეში ელექტრონები არიან, რომლებიც “დროში უკან მიდიან” იმისთვის, რომ ელექტრონისგან საპირისპირო, დადებითი მუხტი ჰქონდეთ (დამუხტული ნაწილაკის უკუმიმართულებით მოძრაობა დროში, მის მუხტს ნიშანს უცვლის), რაც იდეურად დროში მოგზაურობაა. სტატიის ავტორი, ლეიფერი, დროში მოგზაურობასთან დაკავშირებით მეტ კომენტარს არ აკეთებს და დიდი კლასიკოსის, ფაინმანის დახმარებით სძენს მის “ეგოზტიკურ” იდეებს უფრ მეტ დამაჯერებლობას. მას ასევე მიაჩნია, რომ თუ მისი ჰიპოთეზა მართალია, ამის მტკიცებულებები კოსმოლოგიურ მონაცემებში უნდა ვეძიოთ, რადგან დიდი აფეთქების შემდეგ არის გარკვეული პერიოდი, რომლის ზუსტი მიზეზშედეგობრივი კავშირები ჩვენთვის არ არის ცნობილი.

იდეა ძალიან საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა, ცხადია, თეორია გაუმჯობესებას და დახვეწას საჭიროებს. მასზე მუშაობენ ონტარიოს პერიმეტრის თეორიული ინსტიტუტის (Perimeter Institute for Theoretical Physics, Ontario) და კალიფორნიის ჩაპმანის (Chapman University, California) უნივერსიტეტის პროფესორები.


წყარო: Ratner, Paul. “A New Quantum Theory Predicts That the Future Could Be Influencing the Past.” Big Think. Big Think, January 27, 2020.
კვლევა: http://mattleifer.info/wordpress/wp-content/uploads/2016/08/Foundations20160717.pdf

ფოტო: Oleksii Karpenko.

თიკო ბარათაშვილი

Back to top