ახლო გალაქტიკიდან პერიოდულ რადიო სიგნალს ვიღებთ

კანადელი მეცნიერების გუნდმა აღმოაჩინა სწრაფი რადიო ამოფრქვევები (Fast Radio Burst), რომლებიც 16 დღის პერიოდით მეორდებიან.

სწრაფი რადიო ამოფრქვევა (FRB) რადიო პულსია რომელიც სულ რამდენიმე მილიწამი ძლებს. ეს მაღალენერგიული პულსები ექსტრაგალაქტიკური მანძილებიდან მოდიან და დედამიწაზე მოღწევისას ამ ენერგიის დიდ ნაწილს კარგავენ. პირველი FRB 2007 წელს “დაინახეს” და მას შემდეგ სხვა უამრავის აღმოჩენაც მოხერხდა, თუმცა მათი წყაროს ადგილმდებარეობის დადგენა საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. ეს შესაძლებელი გახდა, როდესაც ერთი გალაქტიკიდან განმეორებადი სწრაფი რადიო სიგნალი მივიღეთ, თუმცა ისინი არაპერიოდულად ვლინდებოდნენ.

საქმე ისაა, რომ თითქმის ყოველი ამოფრქვევა სპონტანურად და ერთჯერადად წარმოიქმნება, თანაც ისინი სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება მოვიდეს. ამავდროულად, მათი ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა, ამიტომ მათი დაჭერა და შესწავლა თითქმის შეუძლებელი იყო.

შეუძლებელი იყო მანამ, სანამ არ აღმოაჩნდნენ პირველ პერიოდულ ამოფრქვევას, სახელად FRB 180916.J0158+65, რომელიც იშვიათ შანსს იძლევა, ამ მოვლენას უკეთ დავაკვირდეთ. ის CHIME ტელესკოპის საშუალებით დაინახეს, რომელიც სხვა ტელესკოპებისგან განსხვავებით უძრავია და თეფშის ფორმაც არ აქვს. კვლევაში სწორედ მისგან მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით დადგინდა, რომ ამ პერიოდული რადიო ამოფრქვევის მასპინძელი ჩვენთან ახლოს მდებარე გალაქტიკაა.

მასპინძელი გალაქტიკის აღმოჩენა უამრავ რამეს გვეუბნება იმ ამოფრქვევის ბუნების შესახებ, რომელთა წყაროცაა. ამ მხრივ FRB 180916 განსაკუთრებულია, რადგან მისი მასპინძელი გალაქტიკა სრულიად განსხვავდება სხვა მასპინძელი გალაქტიკებისგან. როგორც აღმოჩნდა, განმეორებადი ბიძგები დაბალი მეტალურობის მქონე გალაქტიკებიდან დაფიქსირდა, ხოლო არა განმეორებადები პირიქით, – მაღალი მეტალურობის; რაც, შეიძლება იმაზე მეტყველებს რომ განმეორებად და არაგანმეორებად FRB-ებს შეიძლება განსხვავებული წყაროები ჰქონდეთ.

სწორედ ამ ფაქტმა, რომ CHIME-თი აღმოჩენილი რადიო ამოფრქვევები, სხვა FRB-სგან განსხვავებით, პერიოდული ბუნების არის და მასპინძელი გალაქტიკაც ესოდენ განსხვავებული აქვს, უამრავი სპეკულაციის საშუალებას იძლევა. მათი წყარო შეიძლება ნეიტრონული ვარსკვლავი, შავი ხვრელი ან, სულაც, არამიწიერი სიცოცხლე იყოს.

წყარო :

  1. https://arxiv.org/abs/2001.10275;
  2. https://www.sciencedaily.com/releases/2020/01/200106141612.htm.

ფოტო: UBC News.

მარიამ ბაღიშვილი

Back to top